20 საინტერესო ფაქტი “მძიმე დანაშაულის” შესახებ

20 საინტერესო ფაქტი “მძიმე დანაშაულის” შესახებ

247
მძიმე დანაშაულმა ხუთი სეზონის განმავლობაში მოახერხა და სატელევიზიო ფენომენად იქცა – მას მსოფლიოს ყველა კუთხეში ჰყავს ერთგული ფანები და მისი პოპულარობა კი არ იკლებს, თანდათან იზრდება. ესაა ამბავი ქიმიის მასწავლებელზე, რომელიც ფილტვის სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ თვლის, რომ დასაკარგი არაფერია, ყველაფერს რისკავს და იმისთვის, რომ სიკვდილის შემდეგ ოჯახს ფინანსები დაუტოვოს, ნარკოტიკის შექმნას იწყებს.
მაგრამ ამბავი, როგორც ყველა გენიალურ სატელევიზიო შოუს ეკადრება, ასე მარტივად არაა. სწორედ შესანიშნავი სიუჟეტისა და დიდებული შესრულების წყალობით იქცა ფენომენად ეს სერიალი და ყოველთვის საუკეთესო ადგილებს იკავებს სხვადასხვა ტაბლოიდის მიერ შედგენილ ტელეშოუების რეიტინგში.
ქვემოთ შემოგთავაზებთ 20 საინტერესო ფაქტს ამ სერიალის შესახებ, რომლებიდანაც ბევრი შეიძლება ფანებმაც არ იცოდნენ. ერთად გადავხედოთ არც ისე ცნობილ ფაქტებს და კვლავ გადავეშვათ Breaking Bad-ის სამყაროში.

1. სერიალი ბევრმა კომპანიამ დაიწუნა, მათ შორის HBO-მ.

2016 წელს გამოცხადდა, რომ ვინს გილიგანი HBO-სთვის ჯიმ ჯონსის შესახებ გადაღებული მინისერიებზე მუშაობდა; თუმცა სატელევიზიო სივრცე მის მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი როდი იყო. 2011 წლის ინტერვიუში გილიგანმა განაცხადა, რომ მძიმე დანაშაულის თაობაზე HBO-სთან “ცხოვრებაში ყველაზე უარესი შეხვედრა” ჰქონდა. ეს არხი ერთადერთი არ ყოფილა, რომელმაც უოლტერ უაითს უარი უთხრა: Showtime, TNT და FX ალბათ დღემდე ნანობენ, რომ მძიმე დანაშაულიყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწუნეს.


2. კომპანიას მთავარი როლისთვის მეთიუ ბროდერიკის მოწვევა სურდა.

დღეს უოლტერის როლში ბრაიან კრენსტონის გარდა ვერავინ წარმოგვიდგენია, თუმცა სერიალამდე იგი ცნობილი მსახიობი არ ყოფილა, AMC-ს კი ვარსკვლავი უნდოდა. არხი მთავარი როლისთვის სერიოზულად განიხილავდა მეთიუ ბროდერიკისა და ჯონ კიუსაკის კანდიდატურებს.



3. ჯესი პინკმენი პირველი სეზონის შემდეგ სერიალში აღარ უნდა ყოფილიყო.

სანამ მძიმე დანაშაული უოლტერ უაითისა და ჯესი პინკმენის ურყევი პარტნიორობის სიმბოლოდ იქცეოდა, ჯესი მთავარ პერსონაჟად არ განიხილებოდა. სცენარის მიხედვით ის მეცხრე ეპიზოდში უნდა მომკვდარიყო, მაგრამ 2007-2008 წლებში ამერიკის სცენარისტთა გილდიამ იხსნა ის და მისი გმირი უოლტერის განუყრელი პარტნიორი გახდა.



4. სცენარისტების საბჭომ პირველი სეზონის ბოლოს მთავარი ხაზი მნიშვნელოვნად შეცვალა, რაც საბოლოოდ კარგი სვლა აღმოჩნდა.

სცენარისტებმა გადაწყვიტეს, შოუს პირველი სეზონი შეემოკლებინათ, რამაც გილიგანი აიძულა, სეზონიდან ამოეღო ორი ეპიზოდი, რის შედეგადაც უოლტერის ჰაიზენბერგად ტრანსფორმაცია გაცილებით სწრაფი და ძალადობრივი გზით ვიხილეთ. გილიგანი საბოლოოდ მოხარული დარჩა ამ გადაწყვეტილებით.



5. ბრაიან კრენსტონსა და აარონ პოლს ნარკოტიკების საკითხებში აშშ-ის ანტინარკოტიკული დეპარტამენტი (DEA) უწევდა კონსულტაციას.

შოუს შემქნლებმა, აბსოლუტური დამაჯერებლობისთვის რომ მიეღწიათ, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტს მიმართეს კონსულტაციისთვის, რაზეც ისინი დათანხმდნენ, რადგან მათივე ინტერესებში შედიოდა, შოუში ნარკოტიკებთან დაკავშირებით ყველაფერი რეალური ყოფილიყო. ამრიგად, DEA-ს ქიმიკოსებმა მთავარი როლის შემსრულებლებს კონსულტაცია გაუწიეს და მეტამფეტამინის კრისტალების დამზადებაც კი ასწავლეს.



6. მეცნიერულ დამაჯერებლობას სერიალში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

პირველი სეზონის შუაში სამეცნიერო კონსულტანტად ოკლაჰომას უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი, დოქტორი დონა ნელსონი მიიწვიეს, რათა სცენარში რაიმე ცდომილება არ გაპარულიყო, თუმცა თუ რამე მეცნიერულად ზუსტი არ იქნებოდა, ლოგიკური მაინც ყოფილიყო.
“ვფიქრობ, არც ერთი პოპულარული შოუს მიზანი არაა 100%-იანი მეცნიერული სიზუსტე, – განაცხადა ნელსონმა, – ეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო შოუ არაა. შემოქმედებითი გადაცდომები შეიძლება”.



7. ლეგენდარული ლურჯი მეტამფეტამინი შაქარყინულია.

როცა უოლტერისა და ჯესის საფირმო ლურჯ მეთს (მეტამფეტამინს) ხედავთ, სინამდვილეში ლურჯ შაქარყინულს უყურებთ. ეს შაქარყინული ალბუკერკის ტკბილეულობის მაღაზიაში იყიდება და მას ფირმა The Candy Lady ამზადებს.



8. გას ფრინგსს გაცილებით მცირე როლი უნდა ჰქონოდა.

თავიდან ჯანკარლო ესპოსიტო დიდად დაინტერესებული არ ყოფილა გას ფრინგსის როლით, რომელიც ეპიზოდურ როლად იყო ჩაფიქრებული. “მძიმე დანაშაული არ მენახა, მაგრამ მენეჯერმა მითხრა, რომ მისი საყვარელი შოუ იყო. ცოლმა მირჩია, ბედი მეცადა და მეც ვცადე. მინდოდა, ჩემი პერსონაჟი განვითარებულიყო, თუმცა მხოლოდ ერთი ეპიზოდი მქონდა. შოუს მესვეურებს ვთხოვე, ეპიზოდები დაემატებინათ” – განაცხადა მსახიობმა.



9. კი, აარონ პოლი ნამდვილად ხშირად ამბობს “BITCH…”, მაგრამ არც ისე ხშირად, როგორც გვგონია.

ჯესი პინკმენი ამ გამოთქმას 62 ეპიზოდში სულ 54-ჯერ იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი საფირმო ფრაზაა.
 



10. აარონ პოლმა აპლიკაციაც გამოუშვა სახელად “YO, BITCH”.

პინკმენის ეს საფირმო ფრაზა იმდენად აიტაცა ყველამ, რომ მსახიობმა 2014 წელს ამ ფრაზის შესაბამისი აპლიკაციაც კი გამოუშვა, რომლითაც ხმოვან მესიჯად yo bitch-ის გაგზავნა შეგიძლიათ.



11. უოლტერის ბოსი ავტოსამრეცხაოში რეალურ ცხოვრებაში ქიმიკოსია.

მარიუს სტენი, რომელიც სერიალში უოლტერის ბოსს, ბოგდანს თამაშობს, მძიმე დანაშაულამდე ყველასთვის უცნობი პიროვნება გახლდათ, რადგან მისი პროფესია მსახიობი სულაც არაა. სინამდვილეში ის ქიმიკოსი დოქტორია და არგონის ეროვნულ ლაბორატორიაში მუშაობს.



12. რაც შეეხება უოლტერს, მის ალტერ ეგოს რეალური პიროვნების სახელი ჰქვია.

უოლტერ უაითმა მეორე გვარი – ჰაიზენბერგი ნობელის პრემიის მფლობელი ფიზიკოსის, განუზღვრელობის პრინციპის აღმომჩენის, ვერნერ ჰაიზენბერგის პატივსაცემად აიღო.



13. ჰაიზენბერგის სახასიათო შლაპას სრულიად პრაქტიკულ მიზეზს უნდა ვუმადლოდეთ.

მრგვალი ცილინდრი სრულიად შემთხვევით იქცა ჰაიზენბერგის გარეგნობის საფირმო ნიშნად. “ბრაიანმა თავის გადაპარსვის შემდეგ მკითხა, შეიძლება ქუდი დავიხუროო? – განაცხადა შოუს კოსტიუმების დიზაინერმა ქეთლინ დეტორომ, – რადგან თავზე შესცივდა. მე ვინსს (გილიგანს) ვკითხე და ასე შეიქმნა ჰაიზენბერგის იმიჯი”.



14. უაითის სახლი მძიმე დანაშაულის ფანი ტურისტების სამიზნედ იქცა და მის სახურავზე პიცების ცვენა არ წყდება.

უოლტერ უაითი ოჯახთან ერთად ნეგრა აროიო ლეინის 308 ნომერში ცხოვრობს. სინამდვილეში ეს სახლი აშშ-ში, ქალაქ ალბუკერკში მდებარეობს და მთელი მსოფლიოს ფანების ყურადღების ცენტრშია. მის სახურავზე ნასროლმა პიცებმა (ფანები უოლტერის მიერ პიცის სახურავზე აგდების ეპიზოდს იმიტირებენ) კი იმდენად შეაწუხა ამ სახლში მცხოვრები ოჯახი, რომ სახლის გარშემო უზარმაზარი ღობის მშენებლობა წამოიწყეს.



15. კრენსტონის მიერ აღნიშნული პიცის სახურავზე შეგდების სცენა ერთი დუბლით გადაიღეს

მსახიობმა ისე ოსტატურად აისროლა პიცა სახურავზე, რომ ერთი დუბლი საკმარისი აღმოჩნდა. როგორც გილიგანმა თქვა: “მილიონში ერთი” იღბლიანი დუბლი გამოუვიდათ.

16. ტუკომ ჯესის ტვინის შერყევა დამართა.

ჯესისა და ტუკოს (რაიმონდ კრუზი) ჩხუბის გადაღებისას აარონ პოლი სერიოზულად დაშავდა. ჩხუბის მომენტში მსახიობმა თავი მაგრად მიარტყა და დაეცა. რაიმონდ კრუზს ეგონა, პოლი თამაშობდა, წამოაყენა და კიდევ ერთხელ მაგრად მოისროლა. აარონ პოლს კი ამ ეპიზოდის გადაღებისას ტვინის შერყევა დაემართა.



17. ჯეინის სიკვდილი აარონ პოლისთვის გადასაღებად უმძიმესი სცენა გამოდგა.

“გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის უმძიმესი სცენა ისაა, როცა ჯესი იღვიძებს და თავის გვერდით მწოლიარე გარდაცვლილ ჯეინს აღმოაჩენს, – განაცხადა პოლმა, – იმ დღის გადაღებების დასასრულს ყველანი ემოციურად გამოფიტულები ვიყავით”.
ეს სცენა მძიმე აღმოჩნდა კრენსტონისთვისაც, რომელიც გადაღებების დასრულების შემდეგ თურმე 15 წუთი ტიროდა.
მთლიანობაში სერიალში გარდაცვლილთა შთამბეჭდავი რიცხვია:  270.



18. სერიალში სულ 62 ეპიზოდია და ამ რიცხვს სიმბოლური დატვირთვა აქვს.

Breaking Bad-ის ხუთი სეზონი 62 სერიას მოიცავს. ეს ჩვეულებრივი რიცხვი არ გეგონოთ – 62 ქიმიური ელემენტების პერიოდულ სისტემაში Samarium-ის აღმნიშვნელი ნომერია – ელემენტის, რომელსაც ფართოდ იყენებენ კიბოს, მათ შორის ფილტვის კიბოს სამკურნალოდ.



19. უოლტერ უაითის ბიზნესმენის გამჭრიახობა თვით უორენ ბაფეტმა შეაქო.

ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი უორენ ბაფეტი სერიალის დიდი ფანია და მე-5 სეზონის ოფიციალურ პრემიერასაც კი დაესწრო. წითელ ხალიჩაზე მან უოლტერ უაითის ბიზნესაზროვნების მისამართით აღფრთოვანება გამოხატა.



20. 2016 წელს მეტამფეტამინის მწარმოებელ უოლტერ უაითზე ხელისუფლებამ ძებნა გამოაცხადა.

გასულ წელს 55 წლის მამაკაცი, სახელად უოლტერ უაითი მეტამფეტამინის წარმოებისა და გაყიდვის ბრალდებით ალაბამას ძებნილების სათავეში მოექცა. ეს უოლტერ უაითი მასწავლებელი არ ყოფილა, თუმცა არსებობდა სხვა შემთხვევებიც, როცა რეალური ადამიანების ისტორიები სერიალის მთავარი გმირის ცხოვრებისეულ დეტალებს ემთხვეოდა: მაგ. 2012 წელს ქიმიის მასწავლებელი უოლიამ დუნკანი მეტამფეტამინის გაყიდვის გამო დააკავეს; 2011-ში კი 74 წლის პროფესორი ირინა კრისტი დაიჭირეს ლაბორატორიაში მეტამფეტამინის დამზადების  გამო.

Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно