საკულტო სერიალი: რატომ იზიდავს “მძიმე დანაშაული” დღემდე მაყურებელს

საკულტო სერიალი: რატომ იზიდავს “მძიმე დანაშაული” დღემდე მაყურებელს

332
ვინს გილიგანის სერიალმა ამერიკული ტელევიზიის თამაშის ყველა წესი დაარღვია და საბოლოოდ გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
შუახნის ულვაშიანი მამაკაცი თეთრი ტრუსებისა და მწვანე პერანგის ამარა დგას შუაგულ უდაბნოში. მის უკან ფურგონი და ორი გვამი ჩანს. თავად გმირს ხელში იარაღი უჭირავს. შორიდან კი პოლიციის მანქანების სირენების ხმა ისმის. არის თუ არა საუკეთესო საკვანძო მომენტი სატელევიზიო სერიალისთვის? ზუსტად ასე დაიწყო AMC-ის არხზე შოუ, რომელიც დღემდე უყვართ და აქტიურად განიხილავენ. ამ ნამუშევრის მნიშვნელობაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტები: გინესის რეკორდებში შეყვანა, როგორც ყველა დროის ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუსი; ემმისთექვსმეტი და ოქროს გლობუსის ორი ჯილდოს მიღება. რა მოსატანია ტელე და კინოკრიტიკოსები, როდესაც თავად დევიდ ლინჩი მიიჩნევს მძიმე დანაშაულსგანსაკუთრებულ შოუდ! მძიმე დანაშაულის მთავარი გმირი უოლტერ უაითი – სკოლის მასწავლებელი, რომელიც ნარკობარონი ხდება – დღემდე საუკეთესო ანტიგმირად მიიჩნევა. მისი როლის შემსრულებელი ბრაიან კრენსტონი კი ოთხი ემმისმფლობელია. მან თავისი ჯილდოებით ჯეიმს განდოლფინის გადაასწრო და გაუთანაბრდა დენის ფრანცს (სერიალის ნიუ-იორკის პოლიცია მთავარი როლის შემსრულებელი). ენტონი ჰოპკინსმა ბრაიან კრენსტონს პირადად მისწერა წერილი, სადაც მისი სამსახიობო ოსტატობა შეაქო.
სერიალის გამოსვლამდე მაყურებლებს ნანახი ჰყავდათ განსხვავებული მთავარი გმირები: მანიაკი (დექსტერი), სოციოპათი (ექიმი ჰაუსი) და მაფიოზი (სოპრანოს კლანი). რანაირად უნდა მომხდარიყო, რომ ჩვეულებრივი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცია?
 

ჯაჭვური რეაქცია

მძიმე დანაშაული



როგორც უოლტერ უათი ამბობს, ქიმიის შესწავლა ადამიანებს ცვლის. ასეა მძიმე დანაშაულიც. ამ შემთხვევაში ჩვენ ადამიანის გაბოროტებას ვადევნებთ თვალს. მთავარი გმირი ქიმიის მასწავლებელია, რომელსაც დამატებითი შემოსავალი ავტოსამრეცხაოდან აქვს. სამწუხაროდ, მას ამ შემოსავლებითაც უჭირს ოჯახის რჩენა. ორმოცდამეათე საიუბილეო ასაკი ცუდად ჩაცმული მასწავლებლისთვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდება: მას ფილტვის კიბოს დაუდგენენ (ეს სცენა საპილოტე ეპიზოდის მეოცე წუთზე ხდება). ღარიბ მასწავლებელს ქიმიის სიღრმისეული ცოდნა ეხმარება იმაში, რომ თავში უჩვეულო იდეა მოუვიდეს – დაიწყოს მეტამფეტამინების დამზადება, რაშიც ყოფილი მოსწავლე ჯესი პინკმენი(აარონ პოლის გმირი) დაიხმაროს. პინკმენი უკვე დიდი ხანია ამ საქმეშია და ყველანაირ წვრილმანში ერკვევა. გამოცდილმა მაყურებელმა იცის, თუ საით მიდიან მსგავსი ფულით გამდიდრებული ნათლიმამები თუ ნაიარევიანი სახის მქონე განგსტერები.
მძიმე დანაშაულის შემქმნელი ვინს გილიგანი (რომელიც ადრე საიდუმლო მასალებისსცენარისტად მუშაობდა) უკვე მეოთხე ნამუშევრით გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა დავარღვიოთ კანონი და დავკარგოთ საღი აზრი. ნუთუ, შოუს პირველივე სერიაში უნდა გავიგოთ, რომ მთავარი გმირი სიკვდილისთვისაა განწირული? ვნახოთ მისი ტრანსფორმაცია პირველივე ეპიზოდში? სხვა სერიალებში ხომ პროტაგონისტები ყოველთვის ამოუცნობები რჩებიან, როგორც მაფიოზი ჯერსიდან ან უჟმური ექიმი-მიზანთროპი…

მძიმე დანაშაული

პროტაგონისტის დეგრადაციის ყურება, სიძულვილი და სიკვდილი – ეს ის ნაწილია, რომლითაც შოუ ასეთი ცნობილი გახდა. ნარკოტიკის პირველივე მოხარშვა იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც ხუთი სეზონის განმავლობაში გრძელდება. ყოველ მომდევნო სეზონში კანონმორჩილი უაითი გარდაიქმნება მონსტრ ჰაიზენბერგად (ეს ფსევდონიმი თავად გმირმა შეარჩია), რომელიც ნარკოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი ხდება.
ჰაიზენბერგი იდეალურად ერგება ამერიკულ ტიპაჟს – წარმატებული ბიზნესმენია, რომელსაც თავისი საქმე კარგად გამოსდის და ბლომად ფულს შოულობს. მისი მონდომებით ნარკოტიკების იმპერია იმაზე ძლიერი და დახვეწილი გამოდის, ვიდრე თავიდან წარმოედგინა. ხოლო “ოჯახის გამო” ნარკოტიკების მოხარშვა, ტყუილები და მკვლელობები შოუს ბოლოს საკუთარი თავისთვის დამტკიცება აღმოჩნდება და მეტი არაფერი.
ამერიკული დრამა ქალაქ ალბუკერკეში ვითარდება. ეს ქალაქი ახლოსაა მექსიკის საზღვართან, საიდანაც რეალურად შემოდის მეტამფეტამინი შეერთებულ შტატებში. სინამდვილეში კი ეს ქალაქი სერიალის ბიუჯეტის გამო გადაწყდა: ფინანსური კრიზისის დროს მხოლოდ მისი ლოკაციების დაქირავება მოხერხდა.
 

ამერიკული რომანი

მძიმე დანაშაული

ასეთი განსხვავებული გმირის შექმნას დიდი შრომა სჭირდებოდა. როდესაც პერსპექტიულმა სცენარისტმა, ვინს გილიგანმა AMC-ისგან სერიალის გადაღებაზე დასტური მიიღო, ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ვინ მოირგებდა უოლტერის როლს. ბრაიან კრენსტონის ვარიანტი საეჭვო იყო, რადგან მსახიობი ძირითადად კომედიური როლებით იყო ცნობილი. თუმცა, სცენარისტს ახსოვდა მისი ეპიზოდური როლი საიდუმლო მასალებიდან – ანტისემიტი, რომელმაც აგენტი მალდერი მძევლად აიყვანა.
კრენსტონი აქტიურად ჩაერთო პროექტში და გმირის წინა ისტორია თავად შექმნა. სერიალის დასაწყისში შეუძლებელია, მაყურებელს სიბრალულის გრძნობა არ გაუჩნდეს მთავარი გმირის მიმართ, მისი უღიმღამო ცხოვრების მიმართ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბინძურ პონტიაკ აცტეკს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მახინჯ მოდელად ითვლება. შოუს ბოლოს კი, ასევე შეუძლებელია, უოლტერის გმირი არ გეზიზღებოდეს. პერსონაჟის ცვლილება პირდაპირ აისახა მის გარეგნობაზეც: ის უფრო გამხდარია, ქიმიოთერაპიის გამო თმა გასცვივდა და წვერი განსაკუთრებულად აქვს დაყენებული.
სრულიად საწინააღმდეგო გზას გადის მისი საქმიანი პარტნიორი ჯესი პინკმენი.ჰაიზენბერგის გავლენით მას სინანული იპყრობს და ადამიანური ხდება. პოლმა და კრენსტონმა ისეთი დუეტი შექმნეს, რომ სცენარისტებს დაწერილი მასალის შეცვლა მოუწიათ. თავდაპირველად მათ ჯესის გმირის პირველივე სეზონში მოკვლა ჰქონოდათ ჩაფიქრებული. არადა, ეს საქმიანი დუეტი ისე ვითარდება სეზონიდან სეზონამდე, რომ მათ შორის ქიმიას Frenemy შეიძლება ვუწოდოთ – მეგობრობა და მტრობა ერთდროულად.

მძიმე დანაშაული

უფრო კლასიკურია სერიალის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები: ცივსისხლიანი ნარკობარონი გუსტავო ფლინგი; მთავარი გმირის ნათესავი და ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰენკი; უოლტერის მეუღლე, თავისებური და ბევრისთვის აუტანელი სქაილერი და ყველასგან გამორჩეული ადვოკატი – სოლ გუდმანი (ტრაგიკომიკური გმირი, რომელზეც გილიგანმა მოგვიანებით ცალკე სერიალი გააკეთა).
ლიტერატურისგან ისესხეს რთული დრამატურგია. თითოეული დეტალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელს არაფერი უნდა გამორჩეს. თუ სადმე რაიმეზე ყურადღებაა გამახვილებული, მას აუცილებლად ექნება გავლენა შემდგომ მოვლენებზე. გავიხსენოთ თუნდაც ერთი ეპიზოდი, როდესაც მეხუთე სეზონში უოლტერი საბარგულიდან იღებს ტყვიამფრქვევ M-60-ს, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია, რაში შეიძლება დასჭირდეს, თუმცა, რომ დასჭირდება, ეს სცენარისტებმა უკვე იციან.
ასეთი რთული მექანიკა მძიმე დანაშაულის მაყურებელს სერიის ჩაგდების უფლებას არ უტოვებს. ამ სატელევიზიო შოუს ყურება პირველიდან ბოლო ეპიზოდამდე მაყურებლების სრულ ყურადღებას მოითხოვს, და ეს ასეც ხდება: მას შემდეგ, რაც სერიალი დასრულდა და Netflix-ზე გადაბარგდა, ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ, რომლის სეზონებსაც მაყურებელი მიყოლებით უყურებს.
 

ფერები სერიალში

მძიმე დანაშაული

პირველივე სეზონის ბოლოს კამერა იარაღიდან ფრინდება. ეს, ერთი შეხედვით – არასერიოზული საქციელი, გვაგრძნობინებს, რომ სულ სხვა სტილის ნამუშევარს ვუყურებთ. სხვა სატელევიზიო შოუებისგან განსხვავებით, მძიმე დანაშაული 35 მილიმეტრიან ფირზეა გადაღებული. ამიტომაცაა, რომ მასზე ისე საუბრობენ, როგორც ფილმზე. მთავარი დამდგმელი ოპერატორის, მაიკლ სლოვისის შემოქმედებითი თავისუფლება კარგად ჩანს თითოეულ სეზონში. ხშირად გვხვდება პირდაპირი კადრები (POV სტილის გადაღება), როდესაც რაკურსი მთლიანად შეცვლილია, ერთ მომენტში კამერა სახლის მტვერსასრუტზეა დამაგრებული, ხოლო მეორეში კი ბარის ტარზე.
შეგვიძლია, გავიხსენოთ რაიან ჯონსონის მიერ გადაღებული სერია, სადაც მთელი ეპიზოდის განმავლობაში მთავარი გმირები ოთახში შემოფრენილი ბუზის მოკვლას ცდილობენ. ეს ეპიზოდი გადაღებულია ხარჯების მაქსიმალური დაზოგვით, სადაც არც ლოკაციასა და არც ზედმეტ მსახიობებში ბიუჯეტი არ დახარჯულა. მსგავსი ტიპის, შემავსებელი ეპიზოდები იშვიათად გამოდის საინტერესო. გადაღების სტილიდან გამომდინე, ამ ეპიზოდში ბევრი საინტერესო დეტალის ნახვა შეიძლება: როგორი აბსურდულია, ყველაზე ცნობილი ნარკობარონი ლაბორატორიაში ბუზს დასდევდეს მოსაკლავად… ამავდროულად კი, ეს ამბავი ტრაგიკულია, რადგან ნათლად გვიჩვენებს, რომ უოლტერი ჭკუიდან შეიშალა.
არ დავივიწყოთ სერიალის პირველი ნაწილებიც. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია მექსიკური ჯგუფის Los Cuates de Sinaloa სიმღერა ჰაიზენბერგზე.
ერთის მხრივ, ეს პაროდიაა მექსიკურ მუსიკალურ მიმართულებაზე narcocorrido, რომელიც ძირითადად ნარკობარონების მიერ შეკვეთილ ბალადებს წარმოადგენს. მეორეს მხრივ კი, შემქმნელები უოლტერის კარტელთან არსებული პრობლემების შესახებ გვამცნობენ.

მძიმე დანაშაული

მძიმე დანაშაული, მაკულატურა
ასევე, სერიალში ბევრ საკულტო ფილმზეა ალუზია – კამერის მოძრაობებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ტარანტინოს მაკულატურა არ გაგვახსენდეს; კიდევ ცნობილი სცენა ფორთოხლებით, რომელიც პირდაპირ აღებულია ნათლიადან.
ფართო კუთხიანი ლინზით გადაღებული უსასრულო უდაბნოს საერთო ხედები, ყვითელი ქვიშა და მეტამფეტამინივით ლურჯი ცა პირდაპირ ჯდება ვესტერნის ესთეტიკაში. მძიმე დანაშაულის ვიზუალური სტილი, მთავარი დამდგმელი ოპერატორის მოთხოვნით, პირდაპირ იყო აღებული სერჯო ლეონეს ნამუშევრებიდან, რეჟისორის, რომელმაც ამერიკული გადაღების სტილი დაამკვიდრა.
კლასიკური ვესტერნის მთავარი გმირები ეხმარებოდნენ ქალებს და ველურ სამყაროში წესრიგს ამყარებდნენ. სინამდვილეში კი უოლტერ უაითი მხოლოდ მოძალადე ანტიგმირი ხდება. გილიგანის სერიალი მიჰყვება პოსტ-კლასიკურ მიმართულებას, სადაც დესაკრალიზებულია მთავარი გმირი და ინგრევა კოვბოის, როგორც იდეალური მამაკაცის ხატება. როგორც კი უოლტერის იმპერია დასრულდება, მის მიერ შექმნილი მეტამფეტამინის საქმეს უკვე სხვები გააგრძელებენ, გაცილებით სასტიკები და დაუნდობლები.
 

სატელევიზიო კარტელი

მძიმე დანაშაული

დასაწყისში მძიმე დანაშაულს მილიონამდე მაყურებელი ჰყავდა. ბოლო სეზონი კი ათ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. AMC-მ პირველი სეზონისთვის გილიგანს ცხრა ეპიზოდისთვის მისცა დაფინანსება. თუმცა, სცენარისტების გაფიცვებისა და ეკონომიკური კრიზისის გავლენით, პირველ სეზონში მხოლოდ შვიდი სერია შევიდა. მომდევნო სეზონებში 13 ეპიზოდი იყო. ბოლო ნაწილი კი, რომელიც ორ წელიწადს გაგრძელდა, 16 ეპიზოდისგან შედგებოდა.
თითოეული ეპიზოდის გადაღება სამ მილიონ დოლარამდე ჯდებოდა, თუმცა ეპიზოდებში სარეკლამო ჭრა ამ თანხას ანაზღაურებდა. 30-წამიანი სარეკლამო რგოლი პირველ სეზონში 50 ათასი დოლარი ღირდა, ბოლო სეზონში კი – 400 ათასი დოლარი. სატელევიზიო შოუ განვითარების პიკში ყოფნის დროს დამთავრდა, არ დაელოდა რეიტინგის დაცემასა და მაყურებლების დაკარგვას.
შოუს დასრულების შემდეგ უოლტერ უათი და ჯესი პინკმენი კვლავ აგრძელებენ არსებობას ინტერნეტ მიმებში, კაფეებისა თუ რესტორნების რეკლამებში, online მაღაზიებისა თუ რეალური მარკეტების დახლებზე – თოჯინების და სხვა აქსესუარების სახით. მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ კრიტიკა რამდენიმე მიმართულებით ისმოდა: ნაწილი მას მეტამფეტამინის პოპულარობის დაბრუნებაში ადანაშაულებდა, ნაწილი კი იმ ალბუკერკეში მდებარე სახლის სახურავის განადგურებაში, სადაც, სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდის გავლენით, ფანები მუდმივად ისროდნენ პიცას. გასულ წელს სატელევიზიო შოუს სახელობის სამაგიდო თამაშიც კი შექმნეს.
გასაკვირი არ არის, რომ მძიმე დანაშაულის გავლენით რამდენიმე ახალი ნამუშევარიც შეიქმნა. მაგალითად, ოზარკი, სადაც მთავარი გმირი ფინანსური მრჩეველია, რომელიც ოჯახის გამო ნარკოკარტელისთვის იწყებს მუშაობას. საერთო იდეური კავშირების აღმოჩენა შეგვიძლია ისეთ სერიალებში, როგორებიცაა: ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური და ფარგო. დასასრულს კი უნდა ვახსენოთ სერიალის მექსიკური რიმეიქიც, რომელსაც მეტასტაზები (Metástasis) ეწოდება.

მძიმე დანაშაული

მძიმე დანაშაულის შემდეგ ვინს გილიგანმა ახალი პროექტი დაიწყო: სჯობს, დაურეკოთ სოლს. ეს ისტორია პოპულარობით თავის უფროს ძმას ჩამოუვარდება, თუმცა უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე სერიალია. გარდა ამისა, მზადდება სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომლის მოქმედებაც მძიმე დანაშაულისსამყაროში განვითარდება. სერიალის ფანები იმედოვნებენ, რომ ეს ისტორია ჯესი პინკმენის შესახებ იქნება.
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно